ემანუელ მაკრონი - დიდი ბრიტანეთისთვის ევროკავშირის კარი ღია იქნება, ”ბრექსითის” მოლაპარაკებების დასრულებამდე

დიდი ბრიტანეთისთვის ევროკავშირის კარი ღია იქნება, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებამდე.

აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთისთვის გაცილებით რთული იქნება ევროკავშირის შემადგენლობაში დაბრუნება.

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ბრიტანელების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას - დატოვონ ევროკავშირი.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ბრექსითის“ პროცესის დაგეგმილი ვადები დაცული იქნება.

„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები შემდეგ კვირას დაიწყება“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

8 ივნისს, დიდ ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ტერეზა მეის „კონსერვატიულმა პარტიამ“ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. „კონსერვატიულმა პარტიამ“ 318 მანდატი მიიღო. მიუხედავად ამისა, ტერეზა მეიმ პრემიერის პოსტი შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობა შექმნა „ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიასთან“ ერთად.