შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 2 მაისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა.

როგორც სებ-ში განაცხადეს, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ასევე გაიზარდა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე 27356 მომხმარებელს გაეზარდა.