მიწებზე საკუთრების უფლება მაქსიმალურად დაცული იქნება, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული , - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიწებზე ქართული ინვესტიციები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უცხოური. ,,მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე, მიწების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა მოქმედებს, მნიშვნელოვანი ინიციატივები ინვესტიციების თვალსაზრისით არც გაგვიგია. შესაბამისად, ინვესტიციები იმ ოდენობის არ ყოფილა, რომ ის ამ ეტაპზე ანგარიშგასაწევი იყოს. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაცილებით უფრო დიდია.
მნიშვნელოვანია ის პროექტები, რაც სოფლის მეურნეობაში გაჩნდა და რამაც დამატებითი სტიმული გააჩინა. ბოლო წლებში მიწაზე ფასის ზრდაც ამას უკავშირდება. არგუმენტები ჩვენს მხარესაა და ყველა ის თეორიული მითი, რაც ოპონენტების მხრიდან ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები შემცირდება, არაფერს არ ეფუძნება.
დაახლოებით ხუთ პროცენტამდე არის მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარგებლობაში დღეს- დღეისობით. მიწებზე საკუთრების უფლება მაქსიმალურად დაცული იქნება, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გარკვეული მოცემულობები და პირობები გვექნება. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რაც ამავდროულად, ხელშეწყობის პროგრამითაც განხორციელდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
პარლამენტში, მიმდინარე კვირაში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება.