„საჯარო სამსახურის შესახებ“ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. პროექტის მიხედვით, კანონში სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ მუხლშიც შედის ცვლილებები.
კერძოდ, ახალ კანონპროექტში საჯარო სამსახურში სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობა არ არის მითითებული, მაშინ როცა მოქმედი რედაქციით, სერტიფიცირება 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია).
„მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა უმაღლესი განათლების მქონე პირი და პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები, დარჩენილია პირთა გარკვეული წრე, რომელსაც ესაჭიროება სერტიფიკატის წარდგენა საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული პირების ინფორმირებისა და მათთვის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობის მინიჭებით, კანონმდებლობამ დაადგინოს გარკვეული პერიოდულობა, როდესაც სახელმწიფოს ექნება ვალდებულება ჩაატაროს სერტიფიცირება,“ - ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.