2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 41 ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით აღემატება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ღვინის ექსპორტის შესახებ განახლებული სტატისტიკა წარმოადგინა.
„საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, რაც ასევე 58%-ით მეტია ვიდრე, 2016 წლის ანალოგიური პერიოდი. ექსპორტის განსაკუთრებული მატება აღსანიშნავია ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელორუსში, ლატვიაში, აშშ-ში, გერმანია, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია 5-ჯერ“, - განაცხადა დანელიამ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხს.
„როგორც იცით, კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს და აღნიშნულს დაარეგულირებს ორგანული კანონი, ხოლო ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მორატორიუმის ინიცირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დანელიამ.