ე.წ. მოდულის შენობაში, ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებულებისთვის, ნიკოლოზ ბახტაძისა და ლევან ჩქარეულისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს.
მათი ადვოკატი იმედა ბეროშვილი ე.წ. მოდულის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა.
ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არავითარ გამოძალვას და არც გატაცების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებში ბახტაძისა და ჩქარეულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს.
"საქმის მასალებში წარმოდგენილია გარკვეული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ვიდეომასალები, რომლითაც არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს დანაშაული, რასაც დღეის მდგომარეობით, გამოძიება ედავება. ვიდეომასალები არის ფარული, რომელიც გადაღებულია დაზარალებულის მიერ. ამ მასალებში აღბეჭდილია შეხვედრები და ჩვეულებრივი საქმიანი საუბარი. იმედია, მიეცემათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საშუალება, გაეცნონ ამ ჩანაწერებს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მათ ავთენტურობაზე. დანიშნულია ასევე ექსპერტიზები. არანაირ მუქარას არ აქვს ადგილი ამ ვიდეოში. ვმუშაობთ შესაბამისი მტკიცებულებების მოსაძიებლად და წარსადგენად, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში, რათა დავამტკიცოთ მათი უდანაშაულობა", - განაცხადა იმედა ბეროშვილმა.
დაცვის მხარე ეჭვობს, რომ „სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელძღვანელს არ სურდა ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების და ამიტომ მოხდა საქმის აღძვრა და 4 პირის დაკავება“.