საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარსებიდან 25 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ კონფერენცია გამართა.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება ცალსახად დაკავშირებულია ინოვაციებთან.
„ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისთვის მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობა და სწორი ადმინისტრირებაა. გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს და მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხრიდან ქართული პროდუქციის ცნობადობის შექმნის მიზნით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას, ვდებთ ინვესტიციას ბაზრებზე რეპუტაციის შექმნისთვის, ვახორციელებთ პრომოუშენს, რითაც ბიზნესსექტორს მეტ შესაძლებლობებს ვაძლევთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მინისტრის მოადგილემ გან ლინიმ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.