ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ახსენებს, რომ 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო ხდება.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება,“-ნათქვამია განცხადებაში.