ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება

ვაკის პარკში, 25 ივნისს, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, 13:00-17:00 საათზე მოეწყობა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია 14 ივნისიდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია მედიას მიაწოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700 - ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, სტაჟირების მიმართულებითაც. ფესტივალი მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალ Job Fest-ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე ახალი სოფტი შეიქმნა. მისი მისამართია www.jobfest.ge. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები აქ უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია შესაძლებელია www.ssa.gov.ge-ზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზეც. ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00-17:00 საათზე).

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ JOB fest-ის ბარათს. JOB fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.studentjob.ge -ზე, რაც სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ გაეცნოს ვაკანსიებს და დასაქმების ფესტივალზე პირდაპირ უკვე შერჩეულ კომპანიებთან მივიდეს და გაესაუბროს. ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი - cv (რამდენიმე ეგზემპლარით).

”ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვაკის პარკის ერთ ნაწილში მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც შესაძლებელი იქნება, სპიკერების გამოსვლების მოსმენა კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე”, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ”პალიტრა მედია ჰოლდინგი”. ღონისძიებას წყლით უზრუნველყოფს წყალი „სნო“.