2017 წლის მაისში საქართველოში 98 983 რუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17 პროცენტით მეტია.
ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია. თუმცა რუსი ტურისტების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ერთი პრობლემა – რუსი გიდები და რუსული ტურისტული კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.
ამ საკითხმა საკმაოდ დიდი დისკომფორტი გამოიწვია ადგილობრივ გიდებსა და ტურისტულ კომპანიებს შორის.
„რუსული ტურისტული კომპანები საკმაოდ მრავლად არიან საქართველოში. თუმცა არავის შეუმოწმებია ისინი და არც არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ. ქვეყანაში აქტიურად დაიწყეს შემოსვლა რუსმა ტურისტებმა, მათ შემოყვნენ გიდები და საბოლოოდ, შემოვიდნენ სააგენტოებიც. ისიც არ ვიცით, რამე გადასახადს იხდიან თუ არა. გამოდის, რომ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებენ ბიზნესს, რომელიც მათ მიერ არის ოკუპირებული. გუდაურსა და ბაკურიანში ღიად საქმიანობენ. 30-40 კაციანი ჯგუფი ჩამოდის და მთელი სეზონის განმავლობაში აქ რჩება. პარაპლანის ბიზნესი აქვთ, ინსტრუქტორებად და გიდებად მუშაობენ, ტრანსპორტსაც ქირაობენ ადგილობრივებისგან და ამით ემსახურებიან ტურისტებს. არავინ იცის, რეგისტრაცია აქვთ თუ არა. რამდენჯერმე ვკითხე ამის შესახებ და არაფერი გვაქვს დარეგისტრირებულიო, მითხრეს. ნებისმიერ გიდს და ტუროპერატორს რომ ჰკითხოთ, დაადასტურებენ ამ ინფორმაციას. ტუროპერატორებს ამ დროს არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ეს საკითხი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს,“ - განმარტავს საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ადგილობრივმა გიდებმა განუცხადეს, ზამთრის კურორტებზე პარაპლანის ბიზნესით, ფაქტობრივად, სულ რუსები არიან დაკავებული.
საკითხი მრავალმხრივ პრობლემურია. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც დასაქმებაზე, ისე, ზოგადად, ქვეყნის იმიჯზე. როგორც ტურიზმის ექსპერტმა მარინა მეტრეველმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პრობლემურია არა მხოლოდ რუსი გიდები და ტურისტული კომპანიები, არამედ თურქული და ირანულიც.
"თუმცა რუსეთთან მიმართებაში საკითხი საკმაოდ მწვავეა პოლიტიკური ურთიერთობის გამო, რადგან რუსეთი საქართველოს ოკუპანტი ქვეყანაა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სხვა ეროვნების გიდები რას უყვებიან ტურისტებს, კაცმა არ იცის. დაუშვებელია იმდენი ეროვნების გიდი და ტურისტული კომპანია შემოვიდეს საქართველოში, რამდენი ეროვნების ტურისტიც შემოვა. მსგავსი სიტუაციაა თურქ და ირანელ გიდებთან დაკავშირებითაც. ჯერ ერთი, დასაქმებაზე მოქმედებს ძალიან ცუდად. მეორე მხრივ კი, ვინ მეტყვის, რას უყვება რუსი, თურქი თუ ირანელი გიდი ტურისტს ჩემი ქვეყნის შესახებ. ამ მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებებია შესატანი. ახალ კანონში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გიდების და მათი ლიცენზირების საკითხი. ამ კუთხით ძალიან კარგი საკანონმდებლო რეგულაცია აქვს საფრანგეთს, იტალიასა და საბერძნეთს. ჩვენც აუცილებლად მოგვიწევს მათი გამოცდილების გაზიარება და საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება,“ – აღნიშნავს ეკონომიკის დოქტორი, ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი.
მოკვლევისას აღმოჩნდა, რომ რუსული ტურისტული კომპანიებისა და რუსი გიდების საქართველოში საქმიანობას ადგილობრივი ბიზნესიც მეტ-ნაკლებად უწყობს ხელს.
„ჩვენს მსგავს დიდ კომპანიებს, რომლებიც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებენ, აღნიშნული გიდები დიდ კონკურენციას ვერ უწევენ. თუმცა ზოგადად საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა. ისინი იმ კუთხით ნამდვილად ვერ წარმოაჩენენ საქართველოს, როგორც საჭიროა. ხშირია შემთხვევები, როცა რუსული ტურისტული კომპანიები პირდაპირ გამოდიან კონტაქტზე ქართულ სასტუმროებთან და ისინი უფრო დაბალ ფასს იღებენ, ვიდრე ქართველ დამკვეთებს აქვთ. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია ეს. ადგილობრივი სასტუმროების როლი ძალიან დიდი უნდა იყოს. მათ უფრო დაბალი ფასი არ უნდა შესთავაზონ რუსულ ტუროპერატორებს, ვიდრე ქართველებს სთავაზობენ. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. ეს წმინდა კოლეგიალობის და საბაზრო თამაშის წესებია,“ – განმარტავს Caucasus Travel-ის მარკეტინგის მენეჯერი გვანცა რაზმაძე.
"ბიზნესპრესნიუსი" აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა თითქმის ორკვირიანი ლოდინის შემდეგ მათგან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.
ნანა მღებრიშვილი