გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე „ჯორჯიან მანგანეზის“ გეგმაზე - მეწილეებიც და აქციონერებიც ამბობენ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ Georgian American Alloys-ის წარმომადგენელი და კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი მეწილე თავადვე ეთანხმება იმ გეგმას, რომელიც სპეციალურმა მმართველმა შეიტანა დასამტკიცებლად სასამართლოში.ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტროს მოადგილე მაია ბითაძემ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის იმის საფუძველი, რომ 10 წლის განმავლობაში განსაზღვრული პირობები შესრულდეს. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიამ იცოდა, რომ ეს გეგმა, ეს ღონისძიებები იყო შესასრულებელი, მაგრამ ამას არ აკეთებდა. თუმცა, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გეგმა შესრულებადია.

„ჩვენ ამ ღონისძიებების გატარებას ვითხოვთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს არის სალიცენზიო და სანებართვო პირობები იმისთვის, რომ ეკოლოგიური პირობები შენარჩუნდეს. არასწორი მენეჯმენტი იყო, კომპანიის თითო წევრს რომ თითო აგური დაედო კომპანიის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, სპეციალური მმართველის შეყვანა აღარ იქნებოდა საჭირო. სამწუხაროდ, სახელმწიფო გახდა იძულებული, რომ იძულებითი ღონისძიება გამოეყენებინა, რათა კომპანიას ეკოლოგიური პროექტები განეხორციელებინა, რაზეც დღეს ყველა თანხმდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საშევარდნოს“ ღია კარიერზე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება იქნება იმის საფუძველი, რომ ამ წერტილზე რემედიაცია-რეკულტივაციის პროცესი და მძიმე ეკოლოგიური პროცესების განვითარება შეწყდება.

მაია ბითაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კარიერია გადახსნილი, „საშევარდნოს“ თემა იყო ყველაზე მტკივნეული. გარდა იმისა, რომ სამთო ნარჩენების განლაგება, დასაქმებულთა უსაფრთხოება, ეკოლოგიური უსაფრთხოება და მეწყერსაშიშ ზონასთან სიახლოვე ამ კარიერს აქცევდა ყველაზე მძიმე წერტილად, რომელიც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნიდა.

„ეს იქნება პირველი წერტილი, სადაც დაიწყება რემედიაცია. ეკოლოგიისთვის და გარემო პირობებისთვის ამ კარიერზე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება პრევენციას გააკეთებს მომდევნო გაუარესების კუთხით. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან სპეციალური მმართველისა და აქციონერების ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმოდგენილი გეგმა რეალურად არის ასახვა, როგორც სალიცენზიო, ასევე სანებართვო პირობების, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვეწვალებით, რომ კომპანიამ შეასრულოს. თითოეული ჩვენი დაჯარიმება კომპანიის მიმართ იყო გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია არ ასრულებდა პრევენციულ ღონისძიებებს - მონიტორინგი, მეწყერსაშიში ზონების კონტროლი, მტვრის წარმოქმნის პრევენცია, მდინარის დაბინძურების პრევენცია. შესაბამისად, ეს გეგმა ჩვენთვის არის რეალურად იმ მოთხოვნების შესრულების წინაპირობა, რაც 10 წელია კომპანიას განსაზღვრული აქვს. ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია, რომ მეწილეებიც და აქციონერებიც ამბობენ - ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ერთი მხრივ, რომ ჭიათურაში გამოსწორდება სიტუაცია და მეორეც, თითოეული კომპანია, რომელიც საქმიანობას ახორციელებს და გარემოზე პირდაპირ თუ ირიბად ახდენს ზემოქმედებას, გაიაზრებს, რომ ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა ვსაუბრობთ კომპანიის კომერციულ მოგებაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.