კოკა გუნცაძე: რკინიგზის გადაზიდვების შემცირებაში საგანგაშო არაფერია

”საქართველოს რკინიგზაში” გასულ წელს ტვირთების კლებას ობიექტურ მიზეზებს უკავშირებენ.

"საუბარია ნედლი ნავთობისა და ხორბლის ტვირთბრუნვის შემცირებაზე, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. შავი ზღვის პორტებში, დაახლოებით, 15%-ითაა შემცირებული ტვითბრუნვა. ბუნებრივია, თუ შავი ზღვის პორტები ნაკლებ ტვირთებს გადაამუშავებენ, შესაბამისად, ჩვენს დერეფანში რკინიგზის მეშვეობით ნაკლები ტვირთი გამოივლის. ასე რომ, საგანგაშო არაფერია”, - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ.

მისი თქმით, სამაგიეროდ, მოიმატა ”საქართველოს რკინიგზის” შემოსავლებმა, რაც მენეჯმენტის მიერ სწორად გამოყენებულმა ”რეზერვმა” განაპირობა.

”ზრდა განაპირობა მოქნილი ტარიფების შემოღებამ, სადგურში სერვისების გაუმჯობესებამ და "ჯორჯიან ტრანზიტის" შემოსავლების რკინიგზის ბიუჯეტში გადმორიცხვამ, რომელიც გასულ წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ოფშორში კერძო პირების ჯიბეებში ილექებოდა. რაც შეეხება ტვირთებს, მათი რაოდენობა ბაზრებზე ვითარების ცვლილების პროპორციულად გაიზრდება", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

რკინიგზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 1,9 მილიონი ტონით, 9,4%-ით შემცირდა და 18,2 მილიონი ტონა შეადგინა.

ტვირთებმა თითქმის ყველა მიმართულებით დაიკლო, მათ შორის, სატრანზიტო ტვირთებმა - 7,7%-ით, 11,2 მილიონ ტონამდე. ამ ტიპის ტვირთებს მთლიან მოცულობაში 61% უკავია.

რაც შეეხება ტვირთების სახეობებს, ნავთობი და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 384 ათასი ტონით, ანუ, 4%-ით შემცირდა, 9,1 მილიონ ტონამდე, 471 ათასი ტონით, 33 %-ით -მარცვლეულის, 952 ათას ტონამდე, ხოლო 11,5%-ით - შაქრის, 610 ათას ტონამდე.

13,7% -ით შემცირდა რკინისა და მარგანეცის მადანის გადაზიდვები (720 ათასი ტონა). ხოლო 2,5-ჯერ - ფერადი ლითონის მადანი (743 ათასი ტონა), უმნიშვნელოდ, 5%-ით, მოიკლო ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვებმა, 481 ათას ტონამდე.