ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა.
როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სიგარეტის ფასმა ბოლო ორი დღეა, რაც მოიმატა.
მაგალითად, ერთი კოლოფი ”ვინსტონი” 3.80 ლარიდან 3.90 ლარამდე გაძვირდა. ”როტმანსი” 3.30 ლარის ნაცვლად 3.40 ლარი ღირს. ”პალმალის” ფასმა 3.20 ლარიდან 3.30 ლარამდე მოიმატა. 4.00 ლარის ნაცვლად 4.10 ლარი გახდა ერთი კოლოფი ”კენტი”. სიგარეტი ”პრემიუმი” 2.90 ლარის ნაცვლად 3.00 ლარი ღირს, ”პირველი პრემიუმის” ფასი კი 3.10 ლარიდან 3.20 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაძვირდა ”ქემელი”, რომლის ფასმა 4.00 ლარიდან 4.10 ლარამდე მოიმატა, ”ქემელი კომპაქტი” 3.50-ის ნაცვლად 3.60 ლარი ღირს.
ჯიხურებში ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, თუ რატომ მოიმატა სიგარეტის ფასმა და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ პროდუქცია მათ უკვე გაძვირებული ფასით მიიღეს.
ცნობისთვის, სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ თამბაქოს ფასი რამდენჯერმე შეიცვალა. იმ დროს ფასის მატების მიზეზად ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი და „საგადასახადო კოდექსში“ აქციზის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები სახელდებოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გახდა ამ ეტაპზე სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი. როგორც „ფილიპ მორისში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე ფასის მატების მიზეზი აქციზია.
”გაძვირების მიზეზი აქციზი გახდა. ჩვენ ბოლომდე არ გვქონდა აქციზი ათვისებული, ახლა კი სრულად ავითვისეთ”, - განაცხადეს კომპანიაში.