"საუბარი იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიწების გაიაფებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია"

საუბარი იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიწების გაიაფებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელიას ინფორმაციით, მიწის ფასები 2013 წლამდე გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მორატორიუმის დროს - 2013-2014 წლებში.

”მაქვს ხელშეკრულება, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიდო და რომლის მიხედვით, 51-მილიონი კვადრატული მეტრი მიწა 5-მილიონ ლარად გაიყიდა - ანუ ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 10 თეთრი გამოვიდა. ასეთი უამრავი ხელშეკრულებაა გაფორმებული”, - განაცხადა დანელიამ პარლამენტის სხდომაზე.

დანელიას აზრით, იჯარით შესაძლებელი იქნება სერიოზული ინვესტორების მოზიდვა და ქართულ-უცხოური ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება, რასაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს.

პარლამენტში გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება. პროექტის ავტორი და ინიციატორია “ქართული ოცნების“ 40 დეპუტატი.

პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.