ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა.
როგორც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 13 ივნისის ბრძანებაშია აღნიშნული, სხვადასხვა დარღვევებზე პროვაიდერებს 100 ლარიდან 20 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ. ბრძანების მიხედვით, პროვაიდერმა ჯარიმა შესაბამისი განკარგულების ან მისი ასლის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს; ხოლო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში პროვაიდერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება განხორციელდება.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პირს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან რეგისტრაციის გაუქმებაც არ ათავისუფლებს.
სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, პროვაიდერები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა თუ წერილობითი მითითებების დარღვევების გამო დაჯარიმდებიან.
მათ შორის, პროვაიდერი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი პოლიტიკურად აქტიური პირის კლიენტობის შემთხვევაში მასთან საქმიან ურთიერთობას ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე დაიწყებს, არ მიიღებს სათანადო ზომებს პოლიტიკურად აქტიური პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად თუ მსგავს პირთან დაკავშირებულ სხვა ვალდებულებებს არ შეასრულებს - 10 000 ლარით დაჯარიმდება; შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით; პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 ლარით დაჯარიმდება; გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 ლარის ოდენობით; ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ სანქცია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე ვრცელდება. მათ შორის არის: "თიბისი ფეი", "ნოვა ტექნოლოჯი", "აჭარაფეი", "მანი ქარდ". ჯამში, ეროვნული ბანკის მიერ 41 პროვაიდერია რეგისტრირებული.