ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულებს კიდევ ერთი ბიზნესმენი ნიკა შავიშვილი ადანაშაულებს.
როგორც ტელეკომპოანია ”იმედს” ნიკა შავიშვილმა განუცხადა, მან სამართალდამცველებს ფაქტის შესახებ ჩვენება უკვე მისცა და მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
”მე ვადასტურებ 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირიდან, ვინც მონაწილეობდნენ გივი ჯიბლაძის გატაცებაში. მე არ გავაკეთებ სხვა განცხადებას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ბიზნესმენმა ნიკა შავიშვილმა.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ჩქარეულისა და ბახტაძის ადვოკატმა გირაოს სახით 30 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირს, დაცვის მხარემ მათთვის 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა. თუმცა, საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს, 11.00 საათზეა დანიშნული.