რუსთავის იმ ქუჩების ნუსხა დამტკიცდა, სადაც მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული მეცადინეობები და გამოცდა ჩატარდება

რუსთავის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა დაამტკიცა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის და მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, რუსთავში შემდეგ ქუჩები განისაზღვრა: თბილისის, ცურტაველის, სპორტის, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა, დუმბაძის, მესხიშვილის, ლეონიძის, ტაშკენტის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, ჩერკასკის, ქუთაისის, ფიროსმანის, მოდებაძის, აღმაშენებლის (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე), ლომოურის, მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებარე გზა), დონეცკელ მეტალურგთა, მელიქიშვილის, სანაპიროს, გიორგი ნიკოლაძისა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის ქუჩის გადასახვევამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა, ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, პრაქტიკული გამოცდა ქალაქში, რეალურ გარემოსთან შესაბამის ვითარებაში უნდა ჩატარდეს. ამ მიზნით უკვე განსაზღვრულია რუსთავში იმ მისამართების ნუსხა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს-დაიხაზოს გზები და გაკეთდეს სპეციალური საგზაო ნიშნები. მისივე თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რუსთავის მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული თანხის მოცულობის პროექტის განხორცლების შესაძლებლობა არ აქვს, რისთვისაც შესაბამის უწყებასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შემოდგომიდან მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში მოუწევთ.