აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 0.25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკული ვალუტის განაკვეთის დიაპაზონი 1.00-1.25 პროცენტს შორის მოექცა.

უფრო მეტიც, გამოითქვა იმის პროგნოზი, რომ წელს განაკვეთი კიდევ ერთხელ აიწევს.

განაკვეთის ზრდის საბაბად დასახელდა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა და შრომის ბაზრის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მის ბალანსზე დაგროვილი სახელმწიფო ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოტანას დაიწყებს.

ფედერალური რეზერვის ბალანსზე დაგროვილი ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 4.2 ტრილიონ დოლარს აღწევს. ისინი მეტწილად 2007-2009 წლების კრიზისისა და რეცესიის პერიოდში დაგროვდა. ამ აქტივებს ბაზარზე თანდათანობით გამოიტანენ.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი თავის ბალანსზე არსებული აქტივების გაყიდვას წელსვე დაიწყებს. თავიდან ბაზარზე თვეში 6 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოვა. მათი გაყიდვების დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში, გასაყიდი აქტივების მოცულობა თვეში 30 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, იპოთეკური ქაღალდების გაყიდვების თვიური მოცულობა დასაწყისში 4 მილიარდი დოლარი იქნება და ის 12 თვეში 20 მილიარდამდე გაიზრდება.

„რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენს სარეზერვო და საერთო ბალანსს წინა წლების მაჩვენებლებზე დაბლა დავიყვანთ, თუმცა მათი მოცულობა მაინც ფინანსურ კრიზისამდელ დონეზე მაღლა დარჩება“, - განაცხადა იელენმა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედერალური რეზერვი თავის ბალანსზე არსებული აქტივების გაყიდვებს სექტემბერში დაიწყებს და იმავდროულად, დოლარზე განაკვეთს კიდევ ერთხელ ასწევს (სავარაუდოდ, 0.25 პუნქტით). თუმცა იელენს პრესკონფერენციაზე, განაკვეთის ზრდის გრაფიკთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

ამგვარად, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უკვე ოთხჯერ ასწია.

დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის პროცესი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. სექტემბერში განაკვეთის აწევის შემთხვევაში, ფედრეზერვს ამის შესაძლებლობა დეკემბერშიც ექნება.

განაკვეთის ზრდის პარალელურად, ფედრეზერვმა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც გამოაქვეყნა, რომელიც 2.2 პროცენტის დონეზეა. ეს კი მარტში გამოქვეყნებულ პროგნოზულ მაჩვენებელზე მეტია. ფედერალური რეზერვის ინფორმაციით, წლის ბოლოს ინფლაციის დონე 1.7 პოროცენტს მიაღწევს. წინა პროგნოზი წლის ბოლოს 1.9 პროცენტს ვარაუდობდა. ცენტრალური ბანკის ოპტიმალური მიზნობრივი დონე 2.0 პროცენტია.