გენერალურ აუდიტორს 2016 წლის განმავლობაში პრემია არ აუღია - საპრემიო თანხის 79% უშუალოდ აუდიტორებზეა გაცემული.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტს კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.
”ძირითადი ხარჯი არის ხელფასები. ჩვენ ხელფასები შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ხელფასების 84% ძირითად საქმიანობაზე გაიცა ანუ ეს არის აუდიტორების ხელფასები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საშუალო ხელფასი არის 2 254 ლარი. ასევე გაცემული იყო პრემიები. პრემიების 80% გაცემული იყო აუდიტორებზე. თვითონ გენერალურ აუდიტორს პრემია არ აუღია”, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური რეზულტატები შეესაბამება და ადეკვატურია იმ საქმიანობასთან, რომელსაც აუდიტის სამსახური ეწევა.