ახალი წლიდან ონლაინ კაზინოებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდებათ.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს პარლამენტში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც შეზღუდვებზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
2018 წლის 1-ლი იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრდან. დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, პირველ რიგში, დაიწყება მუშაობა შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ ხელმისაწვდომობა არ იყოს ისეთი მარტივი, როგორიც დღეს არის.
რა სახეს მიიღებს კანონპროექტი ან მოსალოდნელია თუ არა ე. წ. ონლაინ-კაზინოები აკრძალვა, როგორც ეს მთავრობის მიერ თავდაპირველად დაანონსდა, დეპუტატი ჯერჯრეობით არ საუბრობს. ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ამბობს, რომ ინტერნეტში აზარტული თამაშების რეგულაცია იქნება ძალიან მკაცრი.
"ონლაინ კაზინოებზე წვდომა არის შეუზღუდავი როგორც სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვისაც. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მძიმე სიტუაცია, რაც არის სერიოზული პრობლემა უამრავი ოჯახისთვის. ქვეყანაში ამ მხრივ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.
პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, რომ არასრულწლოვანებისთვის შეუძლებელი გავხადოთ აზარტული თამაშები. გარდა ამისა, უნდა დავითვალოთ ის ეკონომიკური ეფექტი, რასაც სახელმწიფო გასართობი ბიზნესისგან იღებს. ცხადია, საერთაშორისო გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ, რადგან ამ ტიპის საქმიანობა ყველა ნორმალურ ქვეყანაში დარეგულირებულია.
უნდა ითქვას, რომ ბაზარიც გაჯერებულია რეკლამით, ყველგან აზარტული თამაშების პოპულარიზება მიდის. ამიტომ შესაძლებელია, რეკლამირების საკითხიც გახდეს ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს", - განუცხადა "რეზონანსს" გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, რეგულაციებზე მუშაობა განსაკუთრებით შემოდგომიდან გააქტიურდება და მალევე დეპუტატები მივლენ ადეკვატურ გადაწყვეტილებამდე.
"მთავარია, მივიღოთ შედეგი, რომელიც არ დააზარალებს ოჯახებს და არც ეკონომიკურ საქმიანობაზე იმოქმედებს უარყოფითად. მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი გადადგამს ქმედით ნაბიჯს. ეს არის მარტივი გზა, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ პრინციპულ პოზიციამდე მივიდეთ", - დასძინა გოგიჩაიშვილმა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აზარტული თამაშების რეგულირების საკითხთან დაკაშვირებით თავის დროზე აქტიურად მუშაობდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინ კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათას ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართვლეოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე დღეში, საშუალოდ, 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების ლაბირინთებში.
აფბა-ს ანალიტიკოსის ზურაბ კუკულაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რეფორმა სწორად გატარდეს.
"ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული ვითარების შესწავლა. მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე. რეალურად უცნობია, ვინ არის ონლაინ მოთამაშე, ვინ აგებს, ვინ იგებს და სხვა. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე ინფორმაცია, რომ შესაბამისი კონტროლი გასწიონ.
გარდა ამისა, შესაცვლელია საგადასახადო სისტემა, მოსაკრებლით დაბეგვრა, რაც გვაქვს დღესდღეობით, ის მოძველებული მეთოდია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ამ სისტემაში ბრუნვა 1500%-ით არის გაზრდილი, იმავე პროპორციით ბიუჯეტში შენატანები არ იზრდება. როგორც ვიცი, მხოლოდ 20%-იანი ზრდა შეინიშნება. მთავრობა ამ დისბალანსის გამოსწორებასაც ეცდება", - ამბობს კუკულაძე და დასძენს, რომ კარგი იქნება თუ საერთოდ აიკრძალება სათამაშო ბიზნესი, რადგან მან უკვე სახიფათო მასშტაბები შეიძინა.
"გარდა იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი სერიოზულ სოციალურ საფრთხეს შეიცავს, უკვე ეკონომიკისთვისაც პრობლემაა. ამ სექტორის მაღალი მოგება ნიშნავს, რომ რეალურად სხვა დარგებს ეზღუდება მოხმარება, რის გამო ეკონომიკური ზრდა ფერხდება. ეს გვაქვს კიდევაც სახეზე. ნორმალურ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანამ ვერ მიაღწია, ამ დროს 2016 წლის მაჩვენებლით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე მომგებიანი ბიზნესი ოფიციალური სტატისტიკით აზარტული თამაშებია და ეს ფული აკლდება სხვა სექტორებს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწესდეს შეზღუდვა, რომელიც ერთი მხრივ თავიდან აგვაცილებს ონლაინსათამაშო სივრცეში არსებულ სოციალურ რისკს და საფრთხეს და მეორე მხრივ, ბიზნესს სრულფასოვნად არსებობის საშუალებას დაუტოვებს", - აღნიშნა კუკულაძემ.
აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების სექტორი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. თუ 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 2 მლრდ 121 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წელს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 4 მლრდ 235 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"