ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ დაზღვევა შეიძინოს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი დაამტკიცა.

ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გურამ ჯალაღონიას 14 ივნისის ბრძანებაშია ნათქვამი, წინამდებარე წესის მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა და ავიაგადამზიდველისათვის/მომსახურე ავიაგადამზიდველისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლების განსაზღვრა, მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ.

დაზღვევის წესის მოქმედება ვრცელდება: საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში ან უცხო ქვეყნებს შორის ახორციელებს; ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, აღნიშნული წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) 20 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სამოდელო საჰაერო ხომალდზე; ბ) ფეხით ასაფრენ აეროპლანზე (პარაპლანებისა და დელტაპლანების ჩათვლით); გ) თავისუფალ აეროსტატზე; დ) პარაშუტზე (საპლანერო პარაშუტის ჩათვლით); ე) 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდზე, პლანერის ჩათვლით და ზემსუბუქ საფრენ აპარატზე, რომელიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის და არ გადაკვეთს საქართველოს საზღვარს და ლოკალური ფრენის ინსტრუქტირებისათვის გამოიყენება.

ბრძანების თანახმად, ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი ფრენის დაზღვევა, ასევე მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დაზღვევის წესის მიხედვით, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება შეადგენს: ა) 2 700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად ნაწილდება); ბ) 2 700 კგ-ის ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR; გ) ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას; დ) ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.

მესამე პირებთან დაკავშირებული ვალდებულებების გათვალისწინებით კი, მინიმალური სადაზღვევო მოცულობა (მილიონი SDR) საავიაციო შემთხვევისას შეადგენს: ა) 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 0,75; ბ) 1000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 1,5; გ) 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 3; დ) 6000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 7; ე) 12000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 18; ვ) 25000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 80; ზ) 50000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 150; თ) 200000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 300; ი) 500000კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 500; კ) 500000 კგ ან 500000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 700.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს/ ავიაგადამზიდველს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებას არ მისცემენ, ხოლო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ბრძანების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) აქვს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება მოქმედი სადაზღვევო პოლისის ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვება.

თაია არდოტელი