200 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სურსათის ბიზნესოპერატორები კვლავ სახელმწიფო კონტროლის მიღმა რჩებიან, ასევე დაბალია ჯარიმები და ისინი დარღვევების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფენ , - აღნიშნულის შესახებ იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეულ საქმიანობის შეფასებას ეხება.
ანგარიშის ავტორთა შეფასებით, სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით 2016 წელს დასახული მიზნის მისაღწევად წინსვლა სახეზეა, თუმცა კვლავ არსებობს რამდენიმე სფერო, რომელზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო. ანგარიშში წერია, რომ სურსათის შემცველობის ეტიკეტთან შესაბამისობის კონტროლზე უფლებამოსილება კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო კონტროლის შედეგების გამოქვეყნება კვლავ ფერხდება და მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის არსებობის შესახებ.
კვლევაში ასევე არის კონკტრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მისამართით, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ.
„საგამოძიებო სამსახურმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციაში უნდა იმოქმედოს და საკანონმდებლო დაახლოების პროცესში კონტროლის ახალი მოთხოვნების ყოველწლიურად შემოღების პარალელურად რეგულარულად შეათანხმოს მათთან აქტივობები. ჯანმრთელობის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია და მოახდინოს მისი ასახვა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად უნდა უზრუნველყოს უვნებელი წყლის მიწოდება და მოახდინოს ხარისხის აუცილებელი მონიტორინგი იმ არეალში, სადაც არ არსებობს წყლის დისტრიბუციის ცენტრალიზებული ან ორგანიზებული სისტემა. პარლამენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად 2020 წლამდე უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რათა დაჩქარდეს სურსათის მცირე ზომის, იმ ბიზნესოპერატორების, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლისთვის დაქვემდებარება, რომელთა წლიური შემოსავლები 200 000 ლარზე ნაკლებია“, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ევროპის ფონდის მიერ არის ჩატარებული. როგორც ევროპის ფონდში აცხადებენ, კვლევის შედეგები ყველა შესაბამის უწყებას უკვე გადაუგზავნეს.