2017 წლის „გლობალური ინოვაციის ინდექსში“ მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის საქართველო 34.39 ქულით 68-ე პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან დაკავშირებით, საქართველო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა.
კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლა INSEAD-ისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი 82 კომპონენტისგან შედგება. აქედან 7 ძირითადი კომპონენტია - ინსტიტუციები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითი მიღწევები.
ინსტიტუციების კომპონენტში საქართველო 47-ე პოზიციას იკავებს, ბიზნესგარემოს ნაწილში - 53-ე ადგილს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივით ქვეყანა მე-8 ადგილზეა, ხოლო გადასახადების გადახდის სიმარტივით - 20-ე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილში საქართველოს აღნიშნულ კომპონენტებში პოზიციები გაუმჯობესებული აქვს.
ადამიანური კაპიტალისა და კვლევის კომპონენტში - საქართველოს 89-ე პოზიცია აქვს, ინფრასტრუქტურა - 74-ე პოზიცია, ბაზრის განვითარების დონე - 53-ე ადგილი, ბიზნესის განვითარების დონე - 101-ე ადგილი, ცოდნა და ტექნოლოგიები - 54-ე პოზიცია, შემოქმედებითი მიღწევები - 69-ე პოზიცია.
"გლობალური ინოვაციების ინდექსის" პირველ ხუთეულში აღმოჩნდნენ შვეიცარია, შვედეთი, ნიდერლანდები, აშშ და დიდი ბრიტანეთი.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი რეიტინგში 59-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 82-ე, თურქეთი - 43-ე, რუსეთი - 45-ე, უკრაინა კი 50-ე ადგილზე.