საქართველო ღვინის ქვეყანაა. ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა - ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება.ჩვენი ქვეყანა ქვევრის ღვინით არის სახელგანთქმული. ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად XIX საუკუნე მიიჩნევა. ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა.
ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. რას ნიშნავს ღვინო ცნობილი ქართველებისთვის ამას მათგან შეიტყობთ:
მომღერალმა ლაშა ღლონტმა ერთი წლის წინ, ღვინის წარმოება დაიწყო. "აპრილი" ევრპული ტექნოლოგიით არის დამზადებული და ექსპორტზე გადის. ღვინო ლაშა ღლონტის საყვარელი სასმელია.
- ღვინო ძალიან მიყვარს. რაც შეეხება იმას, რომელ სახეობას ვანიჭებ უპირატესობას, გააჩნია რა ხასიათზე ვარ, რომელ ქვეყანაში ვარ და წელიწადის რა დროა. ასევე კულინარიულ დატვირთვასაც აქვს მნიშვნელობა. ხაშლამას კახური ღვინო უხდება, იმერულ სუფრას კი ციცქა ცოლიკაური. ცოტა ხნის წინ საკუთარი ღვინის წარმოება დავიწყე. ჩემი შვილიშვილი დაიბადა აპრილში და ამიტომაც ჰქვია ჩემს ღვინოს აპრილი. ეს საქმე ჩემს მეგობართან, კახა ჭოტიაშვილთან ერთად წამოვიწყე. კახა ქვევრის ღვინის წამყვან ძალად ითვლება საქართველოში.
- რითი არის თქვენი ღვინო გამორჩეული?
- ჩემს ღვინოს კენკრის გემო დაყვება. მისი მირთმევა ნუგბართან და სტეიკთან ერთად უგემრილესია. აპრილის სურნელი დავიჭირე ამ ღვინოში და მიხარია უცხოელებსაც რომ მოსწონთ.- სუფრა ღვინის და თამადის გარეშე წარმოუდგენელია, ხშირად გიწევთ თამადობა?
- არ მიყვარს თამადობა. შესაბამისად, იშვიათად ვთამადობ, ვისაც როგორ უნდა ისე ქეიფობს, მაგრამ დაშტამპული სადღეგრძელოები არ მიყვარს.
სამი წლის წინ დაიწყო ღვინის წარმოება, ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ. მართალია, ეს საქმე ინტერესის გამო, წამოიწყო, მაგრამ ბიზნესად გადაექცა.
წაიკითხეთ ასევე: მეღვინეობაზე ბავშვობიდან შეყვარებული კალათბურთელი - ვლადიმერ ბოისამ, ღვინოსთან ერთად, ჭაჭისა და კონიაკის წარმოება დაიწყო
- ღვინო რომ არ მიყვარდეს ამ საქმეს ვერ დავიწყებდი. ვთამაშობდი იტალიაში, ხორვატიაში და საბერძნეთში, რომლებიც ღვინის ქვეყნებია, მეც ღვინის ქვეყნიდან ვარ და ამიტომ თამაშის მერე, იქაური ღვინის კულტურით ვინტერესდებოდი. როცა საქართველოში დავბრუნდი და კალათბურთის ფედერაციაში დავიწყე მუშაობა, გადავწყვიტე მეღვინეობის შესწავლა და დღემდე ვსწავლობ ამ საქმეს.
- როდის და სად დაიწყეთ ღვინის წარმოება?
- ბავშვობის მერე 2014 წელს მოვხვდი პირველად კახეთში. მსოფლიო რბენაში ვიღებდი მონაწილეობას, მე ვიყავი ერთ-ერთი კომპანიის სახე. ჩემს მეგობარს ვთხოვე, კახეთში ეპოვა მარანი, სადაც ღვინოს დავწურავდით. ეს ღვინო მინდოდა ჩემთვის და არა ბიზნესისთვის. ჩემი მეგობრი მარანაში დავიწყეთ ეს საქმე. თავიდან რქაწითელით დავიწყეთ, დეკემრის ბოლოს მექნება საფერავი, ხოლო მომავალი წლიდან ტვიში და სამი სახეობის ღვინო გამოვა "ბოისას" ნიშნით.- თავად იყავით ჩართული ღვინის წარმოებაში?
- ვენახის მოვლიდან დაწყებული, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმით დამთავრებული ყველაფერს მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებდით. ძალიან შემაყვარა ამ საქმემ თავი, ყოველ წელს უფრო მეტ ღვინოს ვაკეთებდით. ყველაფერი ჩვენი ხელით ავაწყვეთ და ჩვენთვის დაწყებული მეღვინეობა, ბიზნესად გადაგვექცა.- ხშირად თამადობთ?
- თამადობას თავს ვარიდებ, რადგან ვცდილობ ბევრი არ დავლიო. დიდ სუფრაზე თამადა არასდროს ვყოფილვარ, უამრავი სადღეგრძელო არსებობს, რაც ქართული სუფრის ტრადიციაა და მივესალმები.მეგობრებთან ერთად, ღვინის გალერეა "საწნახელი" გახსნა ქუთაისში, მუსიკოსმა გაგა ჩიხლაძემ. ამ საქმის გამო, გაგამ თბილისში აწყობილი კარიერა დატოვა და ქუთაისში დაბრუნდა საცხოვრებლად.
- ღვინო ძალიან მიყვარს. არ მიყვარს ნახევრად ტკბილი ღვინოები. უსახელაურია საუკეთესო ჯიშის ღვინო, რომლის სამშობლოდ ოყურეში ითვლება. მიყვარს ასევე ციცქა. ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს. ცნობილია, რომ ოცხანური საფერე მკერდის სიმსივნეს კურნავს. ღვინო ისეთი საინტერესო რამეა, მის შესასწავლად მთელი ცხოვრება არ გვეყოფა.
- რა ხდება თქვენს "საწნახელში"?
- თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ და ყველა ოჯახიდან ჩამოვიტანეთ ღვინო "საწნახელში", ეს არის ღვინის გალერეა, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ნებისმიერი ღვინის დაგემოვნება. საქართველო ცნობილია ქვევრის ღვინით, გვინდა წინა პლანზე საოჯახო მარანი წამოვწიოთ და ამის პოპულარიზაცია მოხდეს. რადგან ევროპას ამით ნამდვილად გავაოცებთ.- სადღეგრძელოები გიყვართ?
- სუფრას ღვინოც უხდება და სადღერძელოებიც. სადღეგრძელო თუ გულწრფელია მაგას რა ჯობია.