მინისტრის მოადგილე - სოფლის მეურნეობაში მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიციებია განხორციელებული

სოფლის მეურნეობას სეზონურობა ახასიათებს და ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ კვარტლების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოდგილემ ნოდარ კერესელიძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იმ მონაცემების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქსტატის მონაცემები ჯერ საბოლოო არ არის, მისი გადათვლა მომავალი წლის დასაწყისში მოხდება, „ამიტომ ჯერ წინასწარ თქმა ძნელია“.

„სოფლის მეურნეობას ახასიათებს სეზონურობა და ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ კვარტლებით ვერ ვიმსჯელებთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება პროექტებს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ შეგვიძლია შედეგები რიცხვებით ვნახოთ. ასე რომ, თუ კონკრეტული მიმართულებებით ვნახავთ შედეგებს, ნამდვილად შედეგი სახეზეა“, - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვა სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან, სოფლის მეურნეობის სტრუქტურიდან გამომდინარე, უპრიანია შიდა ინვესტიციების წახალისება.

„შიდა ინვესტიციების თვალსაზრისით ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაა. შეგვიძლია ეს მონაცემები ვნახოთ, დაახლოებით, მილიარდ ლარამდეა განხორციებული შიდა ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეიძლება პირველ კვარტალში არ არის ის მონაცემები, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წლის მიხედვით. წლის დაზუსტებული მონაცემები დაჯამდება მომავალი წლის ბოლოს, ამიტომ წინასწარ ამის თქმა ნამდვილად ძნელია“, - განაცხადა კერესელიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სოფლის მეურნეობა არის გრძელვადიანი ინვესტიცია და ეს დარგი საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში არ ვითარდებოდა.

მისივე თქმით, ბოლო 4 წელია, რაც ამ დარგის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალა და გარკვეული მხარდაჭერის პროგრამები ხორციელდება.

„შესაბამისად, ამას უნდა გარკვეული დრო, რომ ამ ინვესტიციებმა და მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღოს. თუნდაც, რომ ავიღოთ მრავალწლიანი კულტურები, საშუალოდ 4-5 წელია საჭირო იმისთვის, რომ ახალი ბაღები სრულმოსავლიანობაში შევიდეს, ამიტომ ბევრი მიმართულებით ჯერ საწყისი ეტაპია განვითარების და ჩვენ რამდენიმე წელიწადში შეიძლება ვიმსჯელოთ და სრულიად შევაფასოთ ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ბოლო სამი წლის განმავლობაში ატარებს, თუმცა, თუ ტრენდს შევხედავთ, ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ტრენდი აღმავალია ყველა მიმართულებით და შესაბამისად, ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ მხარდაჭერის პროგრამები მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა კერესელიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი 0-ის ტოლია.