პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 21:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, სამუშოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკისა და ბრიგადების მობილიზება პეკინის გამზირზე დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. 22:00 საათზე კი, სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართება, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის” წინ საველე შტაბი გაკეთდა, დაიდგა ჯიხური, სადაც საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები განსახორციელებელ სამუშაოებზე ითათბირებენ და ერთმანეთს შეუთანხმებენ.
პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროსაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო, წყალ-კანალიზაციის სისტემები შეიცვლება და გზის ახალი საფარი დაიგება.
მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეკინის გამზირზე 50 წელზე მეტია არ განხორციელებულა.