ონლაინ დასაქმების ბაზაზე წვდომა იზრდება - რეგიონებში ტექნოლოგიური კლასტერები შეიქმნება

ინტერნეტისა და კომუნიკაციები განვითარების პარალელურად, სულ უფრო მეტი შანსი ეძლევა ადამიანს მისთვის სასურველ სფეროში ცოდნის, გამოცდილების დაგროვების, განვითარებისა და შესაბამისად დასაქმების.

მსოფლიო ბაზარზე უკვე მრავალი საერთაშორისო კომპანია შტატში აყვანის გარეშე, დისტანციურად სთავაზობს სასურველ კადრს სამსახურს. ამ საქმეს ე.წ. ფრილანსერები ასრულებენ. ფრილანსერის არსი ასეთია: კომპანია ან კერძო პირი ხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის ქირაობს ადამიანს, რომელიც შეიძლება სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში იმყოფებოდეს. ინტერნეტის ეპოქაში ფრილანსერებმა თანდათან უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვეს, თუმცა საქართველოში ამ კუთხით ჯერჯერობით დაბალი ცნობადობაა და ე.წ ფრილანსერად სულ რამდენიმე ასეული ადამიანია დარეგისტრირებული.

სულ ახლახან დაიწყო უნიკალური პროექტი -„ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის.“ პროექტი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება. გლობალურ დასაქმების ბაზრებზე წვდომის მიზნით, მსურველი ბენეფიციარები აღნიშნულ ცენტრებში ეტაპობრივად გადამზადდებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრექტორის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნა დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, პლატფორმა ნებისმიერ მსურველს bpn შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს.

პროექტის საპილოტე ვერსია კასპის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გადამზადების ცენტრის საფუძველზეჩატარდა, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასვე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფელ ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში. პროექტი ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

„პროექტის საპილოტე ვერსია კასპის რაიონში განხორციელდა. ვხედავთ უზარმაზარ დაინტერესებას. ათობით ახალგაზრდა ჩართულია, კიდევ უფრო მეტი ელოდება გადამზადებას. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ პროექტი რაც შეიძლება ბევრ რეგიონში განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ მასში ჩართვის შესაძლებლობა,“-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტის მიზანია რეგიონში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. დისტანციური დასაქმების შესაძლებლობას მისცემთ.

„პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ბენეფიციარების გადამზადება რეგიონალურ ცენტრებში გამართული სემინარებით მოხდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით განხორციელდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეგიონში შეიქმნას ტექნოლოგიური კლასტერები, მათში რამდენიმე ადამიანი შეძლებს გაერთიანებას. მათ ერთობლივი ძალებით და უნარებით კიდევ უფრო გაუმარტივდებათ ონლაინ დასაქმების ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა. ამასთანავე, შესაძლებელია, საკუთარ სტარტაპზეც იფიქრონ. ტექნოლოგიური კლასტერში ათი ან მეტი ადამიანის გაერთიანების შედეგად კარგი რეზულტატის მიღებაა შესაძლებელი.“ -აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ახალი პლატფორმის შექმნა ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა სამუშაო ადგილების შექმნისათვის.

„როგორც მოგეხსენებათ, სამუშაო ადგილები და დასაქმება არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში რეგიონები არიან ჩართულნი. საპილოტე პროექტით, უკვე ძალიან მაღალი დონის რეზულტატი მივიღეთ. ეს შეიძენს მასშტაბურ ხასიათს და საბოლოო ჯამში დადებითი გავლენა ექნება ჩვენს სამუშაო ბაზაზე. რაც მთავარია, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ექსპორტის გაზრდის. ამ პროექტით „ციფრული მოქალაქე“ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ინტელექტუალური რესურსის ექსპორტზე გატანას და ამით საქართველოში უცხოური ვალუტის მოზიდვას. „ციფრული მოქალაქე“ -ახალი პროექტი შედეგს უახლოეს პერიოდში მოიტანს და ახალგაზრდებში გაიზრდება ხარჯვითუნარიანობა.“-აღნიშნა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის freelancer.com- ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2.6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ „საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

ქრისტინე გამთენაძე