პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წუხელ პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გაიმართა სამუშაო შტაბის სხდომა, რომელზეც ოპერატიული გადაწყვეტილებები და დავალებები შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს.
„აღნიშნულზე დაყრდნობით უკვე დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. დილიდან კომპანია „ჯორჯიან უორეთ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარებილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24 საათიან რეიმში იწარმოებს. „მეორე მხრივ, სამუშაოები ისეთნაირად უნდა ვაწარმოოთ, რომ დისკომფორტი მინუმუმამდე დავიყვანოთ როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ გეგმა- გრაფიკის მიხედვით პროექტი თავიდან ბოლომდე ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ პროექტი ეხება პეკინის გამზრის სასტუმრო „ჰოლიდე ინნ“-დან არქივამდე მანძილს.
მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა ნარმანიამ.