საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა.
„როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით“ - ეს იყო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა.
„საქართველო ძირითად ინფრასტრუქტურაში უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში 5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა ამ მიმართულებით. ამჟამად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე მომზადებულია და მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის მოზიდვას. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა უნდა განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა დამატებითი გარანტიები კერძო სექტორისათვის, რისკის შემცირება და მინიმიზაცია, ასევე, სხვა მასტიმულირებელი ინსტრუმენტები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. წელს აღნიშნული შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა.