საცობები და შეფერხება იქნება, მაგრამ ვნახოთ, საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად განტვირთოს ნაკადები , - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც პეკინის ქუჩის ცალმხრივად დაკეტვის გამო საბურთალოზე გართულებულ მოძრაობას გამოეხმაურა.
ლაშა აბაშიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე თბილისის სატრანსპორტო სამსახური და მაქსიმალურად ცდილობენ მოძრაობის განტვირთვას.
”დღეს არის პირველი დღე. რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან მჭიდრო მოძრაობა. გადაკეტვის გამო კონცენტრირება იქნებოდა სწორედ შარტავას ქუჩაზე. ახლაც სწორედ იქ მივდივარ, რომ ბოლო ინფორმაციას გავეცნო. პატრული არის ადგილზე. ქალაქის ტრანსპორტის სამსახური არის ადგილზე და ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაარეგულირონ საცობები. მოლოდინი იყო და ვიცოდით, რომ საცობები იქნებოდა, რადგან პეკინის ქუჩა არის ერთ-ერთი მაგისტრალური ქალაქისთვის და მისი ცალმხრივად დაკეტვაც კი გამოიწვევდა ინტენსიურ მოძრაობას”, - განაცხადა ვიცე-მერმა.
კითხვაზე, რამდენად მზად იქნება თბილისის მერია, რომ ორშაბათს გადატვირთული მოძრაობის გამო ქალაქში პრობლემები არ შეიქმნას, აბაშიძემ უპასუხა, რომ შაბათს და ორშაბათს შორის დიდი სხვაობა არ არის, თუმცა უნდა დაველოდოთ რა იქნება.
”საცობები და შეფერხება იქნება, მაგრამ ვნახოთ, მაქსიმალურად ცდილობს საპატრულო პოლიცია, რომ მოძრაობის ნაკადები მაქსიმალურად განტვირთოს”, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.