აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელ ფაბრიკაში მომუშავე ქალების განცხადებით, იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ შვილებთან ერთად ცხოვრებასაც კი ვერ ახერხებენ.
ინდონეზიის ქალაქ სუბანგეში მდებარე ფაბრიკაში მომუშავე ქალების თქმით, მათი ყოველთვიური ხელფასი 173 დოლარია, რაც ინდონეზიაში მინიმალური სახელფასო ზღვარია.
როგორც ერთ-ერთმა მკერავმა ქალმა „გარდიანთან“ საუბარში განაცხადა, ფაბრიკის სიახლოვეს უკიდურესად ცუდ პირობებში ცხოვრობს, მისი შვილები კი ბებიასთან ცხოვრობენ და მხოლოდ თვეში ერთხელ ახერხებს მათ ნახვას.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ფაბრიკის ხელმძღვანელობა ქალებს მხოლოდ სამთვიან დეკრეტს უნაზღაურებს და დამატებით 10,50 დოლარს უხდის, თუ ისინი მენსტრუაციული ციკლის პერიოდში კუთვნილ დასვენების დღეს არ აიღებენ.
ცოტა ხნის წინ ივანკა ტარმპა სპეციალურად დასაქმებული ქალებისთვის გამოუშვა წიგნი „ქალები, რომლებიც მუშაობენ“. წიგნში ივანკა ტრამპი ქალებს მოუწოდებს, რომ მათთვის ოპტიმალური სამსახურებრივი და ცხოვრების რიტმი მოძებნონ და განივითარონ ე.წ. ტვინის სავარჯიშო ჰობი, მაგალითად დაკავდნენ ჭადრაკით.
„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, საკუთარი უფლებებისთვის არა მხოლოდ როგორც დასაქმებულებმა, არამედ როგორც ქალებმა“, - წერს წიგნში ივანკა ტრამპი.