"დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება"
რა რაოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან და როგორ ყალბდება კუპიურები, "კვირის პალიტრას" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მამუკა ხუციშვილი ესაუბრა:
- ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტო ერთ კვარტალში, მიმოქცევიდან 57.000 ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. გაყალბებული იყო 10, 20, 50, 100 და 200-ლარიანი კუპიურები. დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება. უცხოეთში ხალხი ფულის ამომცნობ ნიშნებს უკეთ იცნობს, კუპიურებს გულდასმით ათვალიერებენ, ჩვენთან კი ასე არ ხდება და მავნებლური შედეგიც სახეზეა. ჩემი გამოთვლით, დღეს ქვეყანაში 50 მლნ ღირებულების ყალბი ფული მაინც ტრიალებს.
- ეს როგორ გამოთვალეთ?
- მარტივად, პირადად მე, ერთი წლის განმავლობაში ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 ლარი"აღმომაჩნდა, ხურდაში მომცეს. მივხვდი, ყალბი იყო, მაგრამ უკან არ დავაბრუნე - მოწაფეებისთვის საჩვენებლად ვიყენებ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მინიმუმ 3 მილიონ მოქალაქეს გაყალბებული კუპიურები და მონეტები წლის განმავლობაში ჩემსავით დაუგროვდა, თითოს - 20 ლარის ოდენობით მაინც. 20 რომ 3 მილიონზე გავამრავლოთ, 60 მლნ-ია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ბრუნვაში, სულ მცირე, 50 მლნ ყალბი ფული ტრიალებს. გაყალბებულია დოლარიც, ევროც და სხვა კუპიურებიც.ცოტა ხნის წინ ლაგოდეხში დიდი რაოდენობით ყალბი აზერბაიჯანული მანათი აღმოაჩინეს, ბათუმში - დოლარი, თბილისში - ევრო. ბათუმში თურქეთის მოქალაქემ ყალბი 100.000 დოლარის გასაღება სცადა. საბანკო გადარიცხვა კიდეც განახორციელა, თუმცა ერთ-ერთი ოპერატორი, რომელმაც მას ყავა მიართვა, დააეჭვა კუპიურის ნამდვილობამ. დარეკა თბილისში, სადაც დაუზუსტეს, რომ დოლარს ერთი დამცავი ნიშანი აკლდა. თურქი დააკავეს. თბილისში დააკავეს ორი ჩინელი - ყალბ ფულს ასაღებდნენ.
- რატომ ვერ ტარდება პრევენციული ღონისძიებები?
- მსოფლიოში ჯერ არავის მოუფიქრებია მანქანა, რომელიც სრულყოფილად ამოიცნობს, ფული ყალბია თუ არა. ულტრაიისფერ დეტექტორს მხოლოდ 2% აქვს ცნობადობა.ადრე არსებობდა მოლარე-ოპერატორების გადამზადების სისტემა, რომელთაც ფულის დამცავ ნიშნებსა და მათ ამოცნობას ასწავლიდნენ. ეს სისტემა თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გააუქმა - სახელმწიფო კერძო სექტორს (ბანკებს) არ უნდა ემსახურებოდეს და ამაში ფულს არ უნდა ხარჯავდესო. ჩემმა მოსწავლემ ექსპერიმენტი ჩაატარა - შევიდა ორ სახელგანთქმულ ბანკში, მოლარე-ოპერატორს წარუდგინა ეროვნული ვალუტის ერთ-ერთი დამცავი ნიშანი და ჰკითხა, რა ნიშანიაო. ასეთ ნიშანს არ ვიცნობთ და ფულს ის საერთოდ არ აქვსო(?!).
ჩვენთან ჯერჯერობით ყალბ ფულს ფოტოკოპირების მეთოდით ამზადებენ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ სტამბურად დაამზადოს და შემოიტანოს. 300-400 მლნ ყალბი ფული რომ დატრიალდეს, ეს ეკონომიკის სრული კოლაფსის ტოლფასი იქნება. მოხდება საქონლის გადინება და ხელში ფარატინა ქაღალდი შეგვრჩება. ამას მოჰყვება ინფლაციისა და უმუშევრობის დონის გაზრდა, ბიზნესობიექტების დახურვა, მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება.
მსოფლიოში 20 მიწისქვეშა სტამბა არსებობდა, რომელიც ყალბ ფულს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე ბეჭდავდა. ვინ უწყობდა ამ საერთაშორისო დანაშაულს ხელს, ეს ცალკე საკითხია. ამერიკამ დიდი ძალისხმევით მოახერხა მისი 8-მდე შემცირება, თუმცა ესეც დიდი უბედურებაა...
ერთ ამბავს გავიხსენებ: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი შევარდნაძესთან ერთად იყო ავსტრიაში. ერთ დღეს მაღაზიაში ჰალსტუხის საყიდლად შევიდა, ასდოლარიანი ამოიღო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი... დააკავეს ბატონი ნოდარი, გაჩხრიკეს მისი სასტუმროს ნომერი. იქიდან დაბრუნებულმა დამავალა, რომ უცხოეთის ბანკებში სასწავლებლად წავსულიყავი და დაბრუნებისთანავე ბანკების მოლარე-ოპერატორების გადამზადება დამეწყო (14 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი).
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 19 ივნისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად