2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 944.8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 003.4 მილიონ დოლარს შეადგენს (28.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 941.4 მილიონ დოლარს (10.8 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1 938.1 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 799.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 28.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 090.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 260.0 მილიონი დოლარი იყო (40.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 830.4 მლნ აშშ დოლარი (9.1 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.9 პროცენტი და იმპორტში 28.2 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 23.7 და 28.7 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 30.8 პროცენტი).
საანგარიშო პერიოდში დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მაისში 1 285.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 36.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 383.4 მილიონი დოლარი (62.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 901.8 მილიონი დოლარი იყო (27.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.6 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.2 პროცენტი და იმპორტში 30.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.5, 30.2 და 26.7 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-მაისში 25.3 პროცენტი).
2017 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ - თურქეთი (591.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (430.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (316.3 მლნ. აშშ დოლარი).
2017 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 170.1 მილიონი ამერიკული დოლარი და მთელი ექსპორტის 17.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 123.6 მილიონი დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 67.7 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 6.8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 238.3 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 185.2 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 6.3 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 169.7 მილიონი დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი).