გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსების მონიტორინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს.
როგორც თორდიამ განაცხადა, ეს ფუნქცია პრობლემებს ქმნის პარლამენტთან ურთიერთობაში.
თორდია მიიჩნევს, რომ პარტიების ფინანსურ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებაც ექნება.
”აუდიტის სამსახურში ეს ფუნქცია არ უნდა იყოს, რადგან ის აუდიტის სამსახურის საქმიანობას აზიანებს და ჩვენ ხშირად ვხვდებით პოლიტიკური განცხადებებისა და არაობიექტური დამოკიდებულებების მსხვერპლი. ბევრ ფაქტორში ეს ფუნქცია პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ქმნის პრობლემებს. მე მხარს ვუჭერ და ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციები არ ექნება და რომელიც ასევე შეითავსებს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასაც”, - განაცხადა თორდიამ.
მისივე თქმით, ის ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია საუბრობს.
”ჩვენ მონიტორინგს ვუკეთებთ პარლამენტარებს, თუმცა, მეორე მხრივ, პარლამენტი ამოწმებს აუდიტის სამსახურს. ეს არის არასწორი და როგორც მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტია. როგორ იქნება პარლამენტი ჩვენი მეგობარი ინსტიტუტი თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში შედიან, ვაჯარიმებთ და შესაბამის სანქციებს ვუწესებთ? ჩვენი მეგობრები მუდმივად გვიმეორებენ, რომ ვიყოთ პარლამენტის მეგობარი ინსტიტუცია”, - განაცხადა თორდიამ.