მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1 % შეადგინა

2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,6 პროცენტით გაიზარდა.

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,0 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,2 პროცენტი). კლება კი - სოფლის მეურნეობასა (-1.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 პროცენტი) დაფიქსირდა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც.

მაგალითად, 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2016 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2017 წლის ნოემბერში, 2016 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2016 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2017 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.