2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებულმა შეთანხმებამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვებგვერდის DCFTA.GOV.GE-ს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ შეუქცევადია საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი.
,,ჩვენი უპირველესი მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ემსახურება ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შექმნას და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას.
დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის მექანიზმს მოიცავს.
,,მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამ კუთხით. მთავრობა აქტიურად ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ეს ეხება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას. ასევე ეხება ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტრუმენტების საშუალებით, რათა მათ შეძლონ ევროპული რეგულაციების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის.
იმისათვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს შეთანხმების რეალიზაციის შედეგად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო ვებ-პორტალის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება DCFTA-ის შესახებ ყველა ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ეს ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.