საქართველოს ენერგოომბუდსმენი ბარსელონაში ეროვნული ენერგოომბუდსმენების გენერალურ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ბარსელონაში ეროვნული ენერგოომბუდსმენების გენერალურ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა NEON-ის (ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელი) ორგანიზებით გაიმართა.

ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NEON-ის წევრი სახელმწიფოების: ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიისა და მალტის ენერგოომბუდსმენები.

სალომე ვარდიაშვილმა კოლეგებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა მიღწეულ შედეგებზე, სტრატეგიულ ამოცანებზე და მთავარ გამოწვევებზე, აგრეთვე სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.

კატალონიის ომბუდსმენის ინიციატივით, 16 ივნისს სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი შეეხო სოციალური ტარიფების თავისებურებებს, დაუცველი მომხმარებლების თემას, ზამთრის მორატორიუმებს, ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს და დავების განხილვის ალტერნატიული მეთოდების განვითარების აუცილებლობას.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ენერგოკომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ”ჭკვიანი მრიცხველების” უპირატესობებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

NEON-ის წევრებმა საქართველოს ენერგოომბუდსმენის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და გადაწყვიტეს, რომ NEON-ის ერთ-ერთი სამომავლო სხდომა საქართველოში გაიმართება.