საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე 8 ათასმა აღსაზრდელმა გაიარა

ამ მომენტისთვის, საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე 8 ათასმა აღსაზრდელმა გაიარა. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტოს ვებ-გვერდზე საზაფხულო საბავშვო ბაღებში მოსახვედრად ბავშვების რეგისტრაციის პრობლემა აღმოფხვრილია.

„უკვე ყველაფერი წესრიგშია. ეს იყო ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. პროგრამისტებმა და შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და პრობლემა მოგვარებულია. ამ წუთის მონაცემებით, უკვე 8 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - განაცხადა თორდინავამ.

მისივე თქმით, ზოგიერთ ბაღებში ადგილები უკვე შევსებულია, თუმცა არის ბაღი, სადაც მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ. ამდენად, რეგისტრაციის პროცესი 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„იმ მშობლებმა, რომლებიც სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ, კონკრეტულ საბავშვო ბაღებს უნდა მიმართონ. ამასთან, რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, სააგენტოსთან შეთანხმებით, ბაღების სათათბირო ორგანოები 3 ივლისს დაარეგისტრირებენ“, - განაცხადა თემურ თორდინავამ.