2018 წლის 1-ელი იანვრიდან თესლის სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი ამოქმედდება. სერტიფიცირება 2019 წლამდე უფასო იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.
1-ელ ივნისს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა.
სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.
აღნიშნული კანონპროექტი ასევე არეგულირებს სარეალიზაციოდ გამიზნული თესლისა და სარგავი მასალის ეტკეტირების პირობებს და პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო.