თუ მივიღე შეთავაზება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შეთავაზების შემთხვევაში.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომ კახი კალაძის შემცვლელად სწორედ ელოშვილის კანდიდატურა განიხილება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
"არა, ასეთი შემოთავაზება ჩემს მიმართ არ ყოფილა. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და როგორც გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი და გუნდი საბოლოო ჯამში, ჩვენ ისე ვიმოქმედებთ. თუ მივიღე შეთავაზება, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება ეს შეთავაზება",- განაცხადა ილია ელოშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში იყრის კენჭს, მინისტრის პოსტზე კი მის შემცვლელად სწორედ ილია ელოშვილის კანდიდატურა განიხილება.