პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ელექტროძრავაზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ-ს გაუქმებას გულისხმობს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და მამუკა მდინარაძე არიან.
„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღნიშნულ იმპორტიორებს აღარ მოუწევთ ელექტროძრავიანი მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების იმპორტსა ან/და მიწოდებაზე სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს გადახდა,“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად საშუალოდ 60.0 ათასიდან (საშუალო წლიური მაჩვენებელი 2012-2016 წწ-სათვის შეადგენს 60 ათას ლარს) 206.0 ათასამდე (განხილული წლიური მაჩვენებლების მაქსიმუმი - 2016 წლისათვის) შეამცირებს.
„ზემოაღნიშნული მონაცემებისა და კანონპროექტის მიღების გონივრული ვადის გათვალისწინებით, 2017 წლის დარჩენილ პერიოდში (ოქტომბერი-დეკემბერი) სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა კლების მიმართულებით დაახლოებით 15.0 ათასიდან 51.5 ათასამდე ლარს შეადგენს,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით ელექტროძრავიანი მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების იმპორტის დროს დარიცხულმა დღგ-მ: 2012 წელს - 18.5 ათასი ლარი, 2013 წელს - 6.8 ათასი ლარი, 2014 წელს - 4.9 ათასი ლარი, 2015 წელს - 63.7 ათასი ლარი, 2016 წელს - 205.9 ათასი ლარი, ხოლო 2017 წლის 2 თვეში - 48.1 ათასი ლარი შეადგინა.