სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საპარტნიორო ფონდის და სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელებს აქვთ

იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელებს შორის, რომელთა აქციების ან წილის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს, ყველაზე მეტი ანაზღაურება გასულ წელს საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელებმა აიღეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელთა გასაჯაროებულ შემოსავლებს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, 2014 წლის მარტის მდგომარეობით სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ თანამდებობრივი სარგოს სახით ყველაზე მეტი 323 250 ლარი მიიღო.

შედარებით ნაკლები, 218 329 ლარი მიიღო საქართველოს სს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 194 925 ლარი მიიღო, 46 409 ლარი - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ამბოკაძემ 118 606 ლარი მიიღო.

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა აღნშნულ თანამდებობაზე 25 000 ლარი, სს "საპარტნიორო ფონდის" ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე - 115 500 ლარი, ხოლო შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე - 44 400 ლარი მიიღო.

ასევე, 84 625 ლარი მიიღო სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა, გიორგი ბეჟუაშვილმა.

რაც შეეხება შპს-ების ხელმძღვანელებს, რომელთა აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო, მათი შემოსავლები 2013 წელს ასე გამოიყურება:

შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი მეთე ერქალი - 379 915 ლარი;

შპს "ბათუმის აეროპორტის " დირექტორი ჰასანტარიქოს მანაღაოღლუ - 234 880 ლარი;

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" ხელმძღვანელი ირაკლი ცივაძე - 155 036 ლარი;

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი – 142 499 ლარი;

შპს "ბათუმის აეროპორტის" მენეჯერი მერთ ქანდიელი - 120 572 ლარი;

შპს "ენერგოტრანსის" ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი - 112 000 ლარი;

შპს "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 35 966, ხოლო საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - 66 573 ლარი მიიღო;

შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი თამაზ ანდღულაძე - 98 421 ლარი;

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე - 96 000 ლარი;

შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი - 89 733 ლარი;

შპს- "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე - 83 200 ლარი;

შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია - 80 600 ლარი.

ზემოთ ჩამოთვილმა პირებმა ქონებრივი დეკლარაცია წელს პირველად შეავსეს, მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ იმ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.

"აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე", – ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.