სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინსიტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, პროვინციის ქალაქ სტელენბოშში კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიება შედგა. სამხრეთ აფრიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა მერმა ჰელენა ვონ შლიხტმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის აქტიურ კავშირებს და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ღვინის მწარმოებელ ამ ორ რეგიონს შორის, ასევე, წაახალისებს ხალხთა შორის კავშირებს და საქმიან ურთიერთობებს ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხელმოწერის ცერემონიის ღონისძიების ფარგლებში კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე დიალოგი გამართეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში მოქმედ 200 წლიანი ისტორიის მქონე კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან თანამშრომლობით, ქ. კეიპ ტაუნში სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა სიდ პეიმერმა და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა ჯერალდ ვოლმანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს მზარდ კავშირებზე ისაუბრა.

საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური მოხსენებით, სტუმრების წინაშე წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა კუნ დე ბირმა, დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას, პირადი გამოცდილების საფუძველზე, საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

სემინარის მოდერატორმა, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პალატის ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, არსებულ სავაჭრო-საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

სემინარზე, ასევე, მოხსენებით წარსდგა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ინიცირებულ გლობალურ ახალგაზრდულ მოძრაობაზე "გააფერადე სამყარო". აღსანიშნავია, რომ ამ მოძრაობამ დღეისათვის მოიცვა ევროპის, აზიის, აფრიკის და სხვა რეგიონების არაერთი ქვეყანა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩის სახელით, გაიმართა მიღება, რომელზეც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.