ქვეყანაში თევზისა და თევზის პროდუქტების თანამედროვე სტანდარტების ხუთი საწარმოა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თევზისა და თევზის პროდუქტების მიმართულებით დღეისთვის 5 საწარმოა , რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აღინიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროცედურა ტექნიკურად მოიცავს საწარმოების ნუსხის გადაგზავნას ევროკავშირისთვის.

მისივე თქმით, ამ კომპანიების სია სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესაბამისად, უკვე აღმსარულებელ უწყებებს ექნებათ საშუალება, რომ ამ კომპანიებიდან ექსპორტირებული პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე შეფერხების გარეშე გაუშვან.

„საქართველოში არსებობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, სპეციალური სტანდარტები, რომლებსაც კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ იმისთვის, რომ მათ წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე. თუ ისინი ქართული კანონმდებლობის მიხედვით შეესაბამებიან მოთხოვნებს, თუ მათი წარმოების პროცესები შეესაბამება მოთხოვნებს, შესაბამისად, მათი პროდუქცია ასევე დაშვებული იქნება ევროკავშირის ბაზარზე.

მთავრობის დადგენილებებით არსებობს რეგულირება კვების ინდუსტრიის, მათ შორის, თევზის ინდუსტრიისთვის არსებობს წესები, თუ ამ წესებს შეესაბამება საწარმო ის აღიარებას მოიპოვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ევროკავშირს სიას მივაწვდით. დღეისთვის დაახლოებით, 5 მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და იმედია, რომ ეს ინდუსტრია ახალი შესაძლებლობების პირობებში გაიზრდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით გაიზრდება.

“რაც შეეხება პოტენციალს, ბოლო წლებში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში მრავალი ინდუსტრიის გადაიარაღება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა მოხდა. ეს უკავშირდება სოფლის მეურნეობისა და საკვები სფეროს ინდუსტრიებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინდუსტრიას გააჩნია პოტენციალი, გახსნილი ბაზარი გამოიყენოს და ჩვენი მოლოდინია, რომ ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.