მედიისა და გართობის ინდუსტრიის რეკლამისდამკვეთთა ნდობის ინდექსი ყველაზე მაღალია

რეკლამისადმკვეთები, რომლებიც მედიისა და გართობის ინდუსტრიას წარმოადგენენ, 2017 წელს თავიანთი ბიზნესის ზრდის მიმართ მაღალი ნდობით გამოირჩევიან.

სააგენტო Zenith-მა სხვადასხვა კატეგორიის რეკლამისდამკვეთები გამოკითხა. თითოეულ რეკლამისდამკვეთს 0-დან 100 ქულამდე უნდა შეეფასებინა საკუთარი ბიზნესის ზრდისადმი ნდობა.

გამოკითხვის თანახმად, მედიისა და გართობის სფეროს რეკლამისადმკვეთებმა მიმდინარე წელს საკუთარი ბიზნესის ზრდა 82,1 ინდექსით შეაფასეს. მეორე ადგილი ერგო ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სფეროს სეგმენტს, რომლის წარმომადგენლებმაც თავიანთი ბიზნესის ზრდა 70,3 ინდექსით შეაფასეს, მესამე პოზიციაზე კი ალკოჰოლური სასმელების სფეროა - 70,0 ინდექსით.

ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა ტელეკომუნიკაციების სეგმენტი. ამ სფეროს რეკლამისდამკვეთთა შეფასებით, მათი ბიზნესის ზრდა მიმდინარე წელს 33.3 ინდექსით განისაზღვრა.

რეკლამისდამკვეთებმა ბიზნესის ზრდის მთავარ ფაქტორად მონაცემები და ტექნოლოგიები დაასახელეს. მეორე ადგილი ერგო ბიზნესის მოდელის ცვლილებას, მესამე კი კონკურენციას.

კვლევაში 158 კომპანია მონაწილეობდა.