მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი დასრულდა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შევიდა.
”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შემოვიდა.
ბიზნესიდეების რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მიმდინარეობდა შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებსაც თავად კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინებენ განმცხადებლებს. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ბიზნესიდეების 5 000-მდე ავტორს ჩაუტარდება ტრეინინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც”, - განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.
2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია 22 942 704 ლარი.