ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უფროსკლასელებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები დაათვალიერებინა.
როგორც კომპანია იუწყება, პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ქობულეთის #1, ქუთაისის #21, გორის #1 და რუსთავის #6 საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა დაათვალიერებინეს აწჰესი, გუმათჰესების კასკადი, ზაჰესი და ჯიფაუერის აირტურბინული ელექტროსადგური.
ექსკურსიის დროს, კომპანიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ელექტროსადგურების სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები.
”ჩამოთვლილი სკოლების შერჩევა მოხდა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, კერძოდ: 2016 წლის ნოემბერში, პროექტის დაწყების I ეტაპზე, კომპანიის თანამშრომლები - ტრენერები ეწვივნენ საქართველოს რეგიონების 50 საჯარო სკოლას, ჩაატარეს ლექციები თემაზე: "ენერგეტიკის დარგის პერსპექტივები" და გამოავლინეს ყველაზე მეტად დაინტერესებული და მოტივირებული მოსწავლეები.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. საქართველოში მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკები და საუკეთესო სტუდენტები დასაქმდნენ კომპანიაში.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში”, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი ცნობით, სს ”ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და USAID-ს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია ცდილობს ენერგეტიკის და ელექტროიჟინერიის დარგი გახადოს მიმზიდველი არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, არამედ ქალბატონებისთვისაც, ამისთვის, კომპანიას შემუშავებული აქვს და აქტიურად ნერგავს "გენდერული ბალანსის ხელშეწყობის" პოლიტიკას.