ზაფხულის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური გახდა სად გავატაროთ შვებულება.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს ზაფხულში დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე ივლისისა და აგვისტოს პერიოდში.
ზღვისპირა კურორტებიდან ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია, სადაც სეზონი ივლისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქში ბინების ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ბულვართან და სანაპიროსთან ახლოს ბინების ფასი ყველაზე მაღალია. ერთოთახიანი ბინის ერთი დღით დაქირავება 70 ლარიდან იწყება და 300 ლარსაც აღწევს.
ბულვარისგან ცოტა მოშორებით, კერძო ბინებში 2-საწოლიანი ბინის ერთი დღით დაქირავებას მინიმუმ 30 ლარად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ფასები აგვისტოს თვეში 20-30 ლარით იმატებს და ზოგიერთ შემთხვევაში ორმაგდება კიდეც. რა თქმა უნდა, აღნიშნულ თანხაში კვება არ შედის.
რაც შეეხება სასტუმროებს, ფასები 25 ლარიდან იწყება და 100 დოლარამდე ადის.
ბათუმისგან განსხვავებით, ბინების ფასი განსხვავებულია ქობულეთში. ივლის-აგვიტოში ქობულეთში ოთახის დაქირავება 2 საწოლით 20-25 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის. ურეკში ოთახის ფასი ერთ ადამიანზე 10 ლარიდან იწყება და 20-30 ლარს აღწევს. თუმცა არის მცირე ზომის, საოჯახო სასტუმროებიც, რომლის ფასიც 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, აგვისტოში კი ფასები როგორც სასტუმროებში, ასევე ბინებზე მინიმუმ 10-20 ლარით იზრდება.
ვისაც ზღვაზე დასვენება არ იზიდავს, მათთვის განსაკუთრებული პოპულარობით ბორჯომი სარგებლობს. აქაც ანალოგიურად ბინების ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. როგორც წესი, ბინების ფასი ყველაზე მაღალი აგვისტოშია. ქალაქში თქვენ ნახავთ როგორც ძვირადღირებულ სასტუმროებს, ასევე მცირე ტიპის კოტეჯებსა და საოჯახო სასტუმროებს.
პარკთან ახლოს ერთოთახიანი სახლის ორი კვირით დაქირავება, სადაც 3-4 ადამიანი განთავსდება 800-900 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს მინიმალური ღირებულება კი 230 დოლარია, ფასში შედის სამჯერადი კვება.
სურამში დასვენება სხვა კურორტებისგან განსხვავებით შედარებით იაფია. აქ სასტუმროების ფასი 40 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება კერძო სახლს, ერთი ოთახის ფასი, სამი საწოლით კვების გარეშე 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
კურორტ აბასთუმანში კერძო ბინაში ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება და 100-120 ლარამდე ადის. რაც შეეხება სასტუმროების ფასებს, 30 -დან 100 ლარამდე მერყეობს.
მათთვის, ვინც ქალაქიდან დიდხანს გასვლას ვერ ახერხებს, წყნეთი და კოჯორი იდეალური ადგილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უფრო ხშირად ოჯახები სახლებს მთელი თვით ქირაობენ. კოჯორში სეზონის ღირებულება 600-700 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის. რაც შეეხება წყნეთს, აქ ფასები 1000 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს.
ლიკა ამირაშვილი