ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს მტკიცე და პრაგმატული ურთიერთობები ექნება დიდ ბრიტანეთთან „ბრექსითის“ პროცესის დასრულების შემდეგ.
აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რვა ევროპული გამოცემისთვის (Le Figaro, Suddeutsche Zeitung, Le Soir, The Guardian, Corriere Della Serra, El Pais, Gazeta Wiborcza და Le Temps) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პრაგმატიზმი განსაზღვრავს ჩვენს ახალ ურთიერთობებს“, - განაცხადა მაკრონმა.
რაც შეეხება ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც 19 ივნისს დაიწყო, მაკრონი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს მოლაპარაკებები კოორდინირებულად წარიმართება.
„მსურს, რომ ეს დისკუსიები, რომლებიც ახლახან დაიწყო, მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს ევროკავშირის მხრიდან. მე არ მსურს ორმხრივი დისკუსიები, ვინაიდან ევროკავშირის ინტერესები დაცული უნდა იყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
ამავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ შესაძლებელი იქნება სიტუაციის უკან შემოტრიალება.