ვგმობთ ინიციატივას ჯარიმებზე 20 %-იანი ფასდაკლების შემოღების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი
, - ამის შესახებ ”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაცია ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმის დანერგვას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა მთლიანად ანადგურებს, ცოტა ხნის წინ მიღებული საგზაო უსაფრთხოების პროგრამის არსს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაამტკიცოს მსგავსი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც მათივე შეფასებით, ”პირდაპირ ხელს შეუწყობს მკვლელობების რაოდენობის ზრდას ჩვენს გზებზე”.
”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”ვგმობთ ინიციატივას ჯარიმებზე 20 %-იანი ფასდაკლების შემოღების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წინასაარჩევნო პოპულიზმთან და არა რაციონალურ გადაწყვეტილებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა მთლიანად ანადგურებს, ცოტა ხნის წინ მიღებული საგზაო უსაფრთხოების პროგრამის არსს (ასევე შსს-ს მიერ ინიცირებული), რომელიც ძალაში შედის 2017 წლის 1 ივლისიდან და რომელშიც აქტიურად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბერში, ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმების განახევრების შესახებ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, რითაც წახალისდა დამრღვევ პირთა მთელი არმია, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე გაიზარდა 40 %-ით. მაშინდელი გადაწყვეტილებიდან დღემდე, საქართველოს გზებზე გარდაიცვალა 3000-მდე ადამიანი და დასახიჩრდა 50 000-მდე, რაც მთელი ევროპის მასშტაბით არის ყველაზე უარესი შედეგი.
დღევანდელი მონაცემებით საქართველო გზებზე გარდაცვალებების რაოდენობის მიხედვით ევროპაში არის პირველ ადგილზე. ასეთი პოპულისტური და სრულიადდაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ახალისებს დამრღვევ პირებს, რაცსაბოლოოდ გამოიხატება ჩვენს გზებზე ხალხის ხოცვაში- ყოველწლიურად 600 ადამიანი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საერთოდ არ შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას. შესაბამისად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გაიმეოროს 2012 წელს დაშვებული შეცდომა და არ დაამტკიცოს მსგავსი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ ხელს შეუწყობს მკვლელობების რაოდენობის ზრდას ჩვენს გზებზე”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება.